- ისლამი
- არაბული სიტყვაა და მორჩილებას ნიშნავს, მონისტური რელიგია; აღიარებს ერთსახოვან ღმერთს. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა პოლითეიზმს. მან ქრისტიანული ტრიადა სამ ღმერთად მოიაზრა და უარყო იგი. ყურადღება შეაჩერა ებრაულ თეოლოგიაზე, რაც გახდა წყარო მისი მრწამსის ძირითადი ფორმულისა, შაჰადისა: ,,ლა ილაჰა ილლა-ლ-ლაჰუ ვა მუჰამადუ რასულუჰუ’’ (არ არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია ალაჰის მოციქული). ...ისლამურ კულტმსახურების ძირითადი ელემენტებია რწმენის ფორმულა (შაჰადი), ლოცვა, მარხვა, მოწყალება ანუ ქველმოქმედება (ზაქათი) და პილიგრიმობა (ჰაჯი) ანუ სალოცავად მოგზაურობა მექასა და მედინაში. ლოცვას, როგორც წესი, წინ უძღვის მოსამზადებელი საფეხური - განბანა. დაწესებულია დღეში ხუთგზის ლოცვა: დილით - მზის ამოსვლამდე, შუადღისას, ნაშუადღევს, საღამოს და დაღამებისას (დაწოლის წინ). ყოველი ლოცვა იწყება ზემოაღნიშნული ფორმულით: ,,არ არს ღმერთი...’’ ამ ფორმულას მუსლიმანი წარმოთქვამს ყველგან, ყოველ მნიშვნელოვან მომენტში, მათ შორის - სიკვდილის წინ. ლოცვის დროს შაჰადი რამდენჯერმე მეორდება. მუსლიმანები ვალდებული არიან შეინახონ რამაზანი და გადაიხადონ დღესასწაულები. რამაზანი დაწესებულია მუსლიმანური მთვარის კალენდრის მე-9 თვეს, რაც მოძრავია და სხვადასხვა დროს მოდის. ამ დროს მორწმუნენი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე არაფერს ჭამენ, არც სვამენ, არც იბანენ და არც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
Georgian encyclopedia. 2013.